ჟალეთის ეკლესია
ადრინდელი ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უნდა ითქვას,რომ "ივრის ზემო წელის საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ძეგლებს შორის შეიძლება გამოიყოს სიონისა და ჟალეთის სამთავიანი ბაზილიკები და ბოჭორმის ციხის გუმბათიანი ეკლესია.
ჟალეთისა და სიონის ეკლესია მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ ერწო-თიანეთში ერთ-ერთი პირველი ნაგებობანი არიან და ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშები ჩვენს კუთხეში. საინტერესოა იმითაც, რომ ეს ძეგლები საქართველოში, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში აგებულ ეკლესიებთან ერთად ღირსსაცნობ ეროვნული კულტურის ნიმუშებს წარმოადგენენ. სიონის ეკლესიის აგების თარიღი დადასტურებული არ არის სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს V საუკუნის მეორე ნახევარში, ასევე არის მოსაზრება, რომ ეკლესია აგებულია VIII-IX საუკუნეში. რაც შეეხება ჟალეთის ბაზილიკას, რომელიც ყოფილ სოფელ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, თბილისიდან თიანეთში მომავალი გზის ახლოს მდებარეობს, რომელსაც დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსასვლელი. ეკლესიის გეგმა წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედს , რომელიც შიგნით, ბურჯების ორი წყვილით დაყოფილია სამ ნაწილად. შუა უფრო განიერი ნავი აღმოსავლეთით ნაწილში მთავრდება ნახევარწრიული აბსიდით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთ და სამხრეთ მხრიდანაა. ეკლესია აგებულია რიყის ქვის წყობით, ხოლო დეკორატიულ-კონსტრუქციულ ელემენტებში გამოყენებულია შირიმი. აღმოსავლეთ ბურჯებს შორის შემორჩენილია ექვსკუთხედი კვარცხლბეკი ჯვრისთვის. გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა ქვის სანათლავი, რომელიც შემკულია რელიეფური გამოსახულებებით. თავისი ხუროთმოძღვრულ-სტილისტური ანალიზით ეკლესია IX-X საუკუნეს მიეკუთვნება. საგულისხმოა ისიც, რომ ჟალეთის ეკლესია დაკავშირებულია წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან. ივრის ხეობაში, ჟლეთში აგებული იყო საქართველოს ერთ-ერთი პირველი ეკლესია. ეს ეკლესია შესაძლოა იყოს ს. სიონის სამნავიანი ბაზილიკა, მდ. ივრის მარცხენა ნაპირას, რომელიც დაფარა სიონის წყალსაცავმა.
No comments:
Post a Comment