Friday, May 18, 2012

                 მოკლე ისტორიული მიმოხილვა


       ისტორიული წყაროების მიხედვით, ივრის ხეობის ზემო წელი წაროადგენდა თავდაპირველი კახეთის ნაწილს.
           ივრის ზემო წელში დამოწმებულია სამი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ქვეყანა, რომლებიც ეკონომიკური განვითარებით მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.
           ერწოს ქვეყანა მოიცავდა საკუთრივ ტაფობს და მისი აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას ბოჭორმამდე, მაგრამ მ.ბერძენიშვილის შენიშვნით ეს მოვლენა უფრო გვიანი ხასიათისაა, ხოლა თავდაპირველად ერწო მხოლოდ ტაფობს უნდა რქმეოდა.
          ჟლეთის ქვეყნის მდებარეობა სავარაუდოა ივრის ხეობაში დაბა სიონიდან ჩრდილოეთით ბოკონამდე., ხოლო თიანეთის ქვეყანა მოიცავდა თიანეთის სანახებს არტნის ჩათვლით. "ჟალეთის ქვეყანა" არა მარტო გეოგრაფიულ მხარედიწოდებოდა, არამედ არსებოდა "ქვეყანაში" ქალაქი ჟალეთიც, რომელსაც ანტიკურ ხანაში "ბერი" ხოლო მოგვიანებით " ჩელეთი" ერქვა. "ჩელეთი" გაიგივებული არის ჟალეთთან. მეფე მირიანის დროს  საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების დაწყებისთანავე ერწო-თიანეთი მოექცა წმინდა ნინოს  ქრისტიანული საგანმანათლებლო მოღვაწეობის სფეროში.
       "ჟლეთის ქვეყნის" პოლიტიკური ცენტრი მდებარეობდა თანამედროვე სიონისა და ზღვის ადგილას.  მდინარე არაგვის ხეობიდან ერწოში გადმოსული წმ. ნინო "დადგა ჟალეთს, დაბასა ედემისა, და ნათელ სცა ერწუ-თიანელთა". მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა აქ აღაშენა ეკლესია "კეთილშუნიერი, გუმბათიანი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერგისა".
        სავსებით შესაძლებელია ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული ეკლესიად მივიჩნიოთ ივრის სიონში გათხრილი ბაზილიკა, რომელიც მხატვრულ-სტილისტური ანალიზისა და წერილობით წყაროების საფუძველზე V საუკუნის  II ნახევრითაა დათარიღებული. წყალსაცავის ავსებამდე დაშალეს და თბილისის ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში გადამოითანეს ბაზილიკა, თუმცა წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრად დაკლების დროს  ეკლესიის ჯვარი ჩანს.
        ივრის ხეობის დაწინაურებას გვიან ანტიკურ-ადრეშუა საუკუნეებში ხელი შეუწყო იმ ვითარებამ, რომ ერწო-ჟალეთზე გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო გზისა, რომელიც ქართლს აერთებდა კავკასიის ალბანეთთად და სომხეთთან.
        ჟალეტი ისტორიული კახეთის პოლიტიკური და კულტურის ცენტრის სახით არსებობს V საუკუნის გარკვეულ წლებამდე. ისტორიული კახეთის ცენტრად გადაიქცა უჯარმა. მიუხედავად ამისა ჟალეთი კვლავ რჩება საეპისკოპოსოდ ერწო-თიანეთის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეტისა და ხერკისათვის ( კახეთისთვის), ანუ ჟალეთი კვლავ რჩება იდეოლოგიურ ცენტრად.
       VIII-IX საუკუნეებში საშინაო და საგარეო ფაქტორების ზემოქმედებით ქალაქი უჯარმა კარგავს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის ფუნქციას.
        კახეთის სამთავროს ცენტრი  X საუკუნეში ჯერ ბოჭორმაშია საგულისხმებელი, ხოლო შემდეგ XI საუკუნის დასაწყისში მცირე ხნით თიანეთშია გადატანილი კერძოდ ბოდოჯაში. მაგრამ XI  საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა პოლიტიკური ვითარების გამო კახეთის სამთავრომ იცვალა თავისი რეზიდენცია და გადავიდა ალაზნის ველზე- თელავში, ამ ფაქტმა გამოიწვია ალაზნის ველის ეკონომიკური აღზევება და ივრის ხეობის - დაკნინება. ერწო-თიანეთი იქცა კახეთის პროვნციად. ამის შემდეგ ერწო-თიანეთი ხშირად ხდება საცილობელი ტერიტორია კახეთის სამეფოსა და არაგვის საერისთავოს შორის.
        XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში მტრების გაუთავებელმა თარეშმა დიდი ზიანი მიაყენა ერწო-თიანეთსაც.
        გვიან შუა საუკუნეებში ერწოს მოსახლეობა, შევსებული ფშავ-ხევსურეთიდან მიგრირებული მოსახლეობით, ძირითადად სახლობდა ტაფობის მიმდებარე გორებზე, სადაც შემორჩენილია: ნასოფლარები, ხატები, სამაროვნები.

No comments:

Post a Comment